საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც თბილისის სამ საავადმყოფოს განვითარებას შეეხებოდა, დასკვნით ფაზაშია. ტენდერის ბოლო ეტაპზე გავიდა ავსტრიული კომპანია ალფამედიკი, რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა FMK, Keppie, The Health Partnership, FESP.
ვინ არიან ალფამედიკის კონსორციუმის წევრები, რამდენად დიდია მათი გამოცდილება და რა პროექტები აქვთ განხორციელებული?
ამ კითხვებით მივმართეთ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარეს, დავით საგანელიძეს.
დავით საგანელიძე: კონსორციუმის წევრი კომპანიები Keppie Architects, The Health Partnership, MFK, FESP მსოფლიოში წამყვანი ექსპერტები არიან როგორც საინჟინრო, ასევე ფუნქციონალური დაგეგმარებისა და კლინიკების მართვის კუთხით. მათ აქვთ განხორციელებული მრავალი პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ PPP მოდელით. მაგალითად კონსორციუმის წევრი Keppie, რომელიც ბრიტანული კომპანიაა, ჰოსპიტალურ სექტორში და PPP მოდელით მუშაობის მრავალათწლიანი გამოცდილება აქვს. ბრიტანული მოდელი კი ერთ-ერთი საუკეთესოა ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორის დაგეგმარების და განვითარების კუთხით.
PPP მოდელი, ეს არის სახელმწიფოს და ბიზნესის ერთობლივი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკურად და საზოგადობრივად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას და სრულყოფას. საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ ეფექტური საბაზრო ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობა, სწორედ სახელმწიფო ორგანოებსა და ბიზნეს შორის აქტიური თანამშროლობაა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
საპარტნიორო ფონდი, როგორც სახელმწიფო ინსტრუმენტი, საჯარო სექტორისა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რასაც ფონდის მიერ განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტი ადასტურებს. საპარტნიორო ფონდის სახით მთავრობა ჰოსპიტალურ და ფარმაცევტულ სექტორში მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებულ სიტუაციას რადიკალურად შეცლის. ამ შემთხვევაში მთავრობის პოლიტიკა, სწორედ ჰოსპიტალური და ფარმაცევტული სექტორების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ბავშვთა ინფექციურ ცენტრსა და ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრს აერთიანებს, თავისი საინვესტიციო მოცულობით, ტექნიკური აღჭურვილობითა და პერსონალით საქართველოს ჯანდაცვის სექტორში 21-საუკუნის პროექტად ჩაითვლება.
– ბოაოს საერთაშორისო ფორუმზე ცნობილ ბიზნესმენ ალექსანდრე მაშკევიჩს შეხვდით, რომელიც მსხვილ ინვესტიციებს დებს ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში. გქონდათ თუ არა ჯანდაცვის მიმართულებაზე განხილვა?
– მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ბოაოს საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ბატონ ალექსანდრე მაშკევიჩთან, რომელიც აზიურ ფორუმზე ყაზახური მხრიდან იყო წარმოდგენილი. იმ კომპანიებიდან, რომლებსაც ალექსანდრე მაშკევიჩი ფლობს და განკარგავს 2 კომპანია სწორედ საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის რეფორმირებაში არის ჩართული. შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორც ფარმაცევტული ქარხნის, ასევე ახალი ჰოსპიტალური ცენტრის მიმდინარე საკითხები და პროექტებში სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის შესაძლებლობებიც.
– რა პრინციპით დასახელდა ალფამედიკის კონსორციუმი საუკეთესო წინადადების წარმდგენად? და როდის გეგმავთ თანამშრომლობის დაწყებას ?
– მთავრობის ინიციატივით, საპარტნიორო ფონდმა კონსულტანტ კომპანია „გლობალური ალიანსთან“ ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევა განახორციელა. სწორედ კვლევის საფუძველზე სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადდა ტენდერი.
მთავრობის მიერ შექმნილ სატენდერო კომისაში საპარტნიორო ფონდიც იყო წარმოდგენილი. სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში ინვესტორის გამოსავლენ ტენდერში ინტერესი სამმა კომპანიამ გამოხატა, თუმცა წარმოდგენილი წინადადებით ავსტრიული “ალფამედიკ კონსორციუმი“ (AlphaMedic Consortium) გამოიკვეთა. ალფამედიკის პროექტის შესწავლა მთავრობის მიერ საკმაოდ ხანრგძლივი პროცესი იყო. სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის განხილვის პროცესი ამ დრომდე გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ძალიან დეტალურად ვსწავლობთ შემოთავაზებულ წინადადებას, რასაც დროის საკმაო პერიოდი ჭიდრება.
სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და განახორციელოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე საქართველოს მასშტაბით განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელი.
– როგორ გაუწევთ შერჩეული კომპანიის საქმიანობას მონიტორინგს?
– მონიტორინგი განხორციელდება პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე, და ეს იქნება საჯარო ინფორმაცია.
– რას ნიშნავს PPP მოდელით ჰოსპიტალური სექტორის განვითარება საქართველოსთვის?
– ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის. PPP მოდელით ჰოსპიტალური სექტორის განვითარება დადებითი ეფექტის მომტანი იქნება. ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც ნახევარმილიარდიან ინვესტიციას მოიცავს. PPP – ეს არის ხარჯთეფექტური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკის მართვას. განვითარებადმა ქვეყნებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ჯანდაცვის სისტემა საჯარო – კერძო პარტნიორობით. ამ მოდელს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები მიმართავენ და დროა ჩვენც გადავდგათ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯანდაცვაში.