გურამ მისაბიშვილი: PPP მოდელით მოგებული რჩება საზოგადოება
აპრილი 6, 2016
დავით საგანელიძე: PPP – ეს არის ხარჯთეფექტური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკის მართვას.
აპრილი 11, 2016

გიგა ბუკია: PPP ნდობასა და კონტროლზე დამყარებული მოდელია

თბილისში სამი საავადმყოფოს რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებული ტენდერი დასასრულს უახლოვდება. ბოლო ეტაპზე გასულია კონსორციუმი „ალფამედიკი“, რაც იმას ნიშნავს, რომ მან საინტერესო წინადადებები წარადგინა ტენდერში და ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

იგეგმება საავადმყოფოების ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა, მედპერსონალის გადამზადება. მათი მართვა საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელით განხორციელდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია გვესაუბრა ჰოსპიტალურ სექტორში განსახორციელებელი პროექტის შესახებ:

„ამ პროექტით საქართველო ხდება ჯანდაცვის სფეროში რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ადგილი. ეს დარგი არ არის ძალიან განვითარებული ჩვენს რეგიონში. მაღალი ტექნოლოგიების საქართველოში შემოტანა გამოიწვევს იმას, რომ მეზობელი ქვეყნებიდან სწორედ აქ ჩამოვლენ სამკურნალოდ. ეს კი ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის სისტემის განვითარების წინაპირობაა.

ყველანაირი სამედიცინო მომსახურება ადგილზე იქნება ხელმისაწვდომი და საზღვარგარეთ წასვლა აღარ დასჭირდება მოსახლეობას, რაც ძალიან ძვირი ჯდება.

ჩვენ გვაქვს ის უპირატესობაც, რომ ძლიერი სპეციალისტები გვყავს. მათ თუ ექნებათ თანამედროვე ტექნოლოგიები, მკურნალობის ხარისხი გაიზრდება.ბევრი უცხოელი ისედაც მკურნალობს აქ და მათი რიცხვი გაიზრდება, თუ ჩვენთან უფრო ხელმისაწვდომი ფასები იქნება“.

გიგა ბუკია საუბრობს, ასევე, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელზე:

„როდესაც თანადაფინანსებით ხდება მართვა, სახელმწიფოს აქვს უფრო მეტი კონტროლის საშუალება. ეს საჭიროა, რათა არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები და ხარჯები არარეალურად მაღალი არ იყოს. დახარჯული თანხა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს ჩვენი ფული და ეფექტიანად გამოიყენოს.

ეს არის ნდობასა და კონტროლზე დამყარებული პროგრამა. ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის მსგავსი პროექტით. სახელმწიფო ვალდებულია, გაუფრთხილდეს ბიუჯეტისა და მოსახლეობის ფულს“.