დავით საგანელიძე: PPP – ეს არის ხარჯთეფექტური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკის მართვას.
აპრილი 11, 2016
თამარ ცინცაბაძე: საავადმყოფოების PPP მოდელით რეაბილიტაცია წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება
აპრილი 15, 2016

PPP პროექტის განხორციელება ხელს შეუშლის საბიუჯეტო სახსრების უცხოეთში გადინებას

თბილისში სამი საავადმყოფო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება. რესპუბლიკური ცენტრის, ონკოლოგიური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოების რეკონსტრუქციაში 0.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

სამი საავადმყოფოს მართვა საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელით განხორციელდება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე გვესაუბრა ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის მნიშვნელობაზე:

„ჩვენ ურთულესი რეფორმა დავიწყეთ ჯანდაცვის სფეროში, რომელიც რეგიონში უნიკალურია. სახელმწიფომ თავის თავზე აიღო მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვა. შესაბამისად, რაციონალურად უნდა დაიხარჯოს საბიუჯეტო თანხები. თუ არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მაშინ ფული იხარჯება ტყუილად და პაციენტი არ არის კმაყოფილი.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და კვალიფიციური მედპერსონალით აღჭურვილი საავადმყოფო.

ბუნებრივია, დადებითად ვაფასებ ამ პროექტს. იმედია, კონკრეტული საავადმყოფოების ბაზაზე გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა. რეგიონებშიც საჭიროა მსგავსი რეფორმა, იქაც პრობლემებია, სახელმწიფო გადასახადის გადამხდელების დიდ თანხას ხარჯავს ბიუჯეტიდან, ამიტომ ხარისხიანი მომსახურება უნდა მიიღოს პაციენტმა, შედეგზე და არა მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული“.

მანანა კობახიძემ ისაუბრა კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის მოდელზე, რომელიც სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება ამ პროექტის განხორციელების პროცესში:

„კერძო სუბიექტების მოგებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული ეს პროექტები. ინვესტიციას  სახელმწიფო იმიტომ აკეთებს, რომ ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, მომსახურება – ეფექტიანი და დროული. სახელმწიფო ეხმარება ამ კერძო კომპანიებს და ისინიც ორიენტირებულნი უნდა იყვნენ პაციენტის მომსახურებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ – მოგებაზე.

ჯანდაცვა ბიზნესის ერთ-ერთი სფეროა და საკმაოდ მომგებიანი, მაგრამ მხოლოდ ამაზე ორიენტირებული არ უნდა იყოს. სახელმწიფო კერძო სამედიცინო დაწესებულებას ფულს უხდის, რომელიც მაქსიმალურად უნდა მოხმარდეს პაციენტს, ექიმს, მედიკამენტს.

ექიმთა ანაზღაურება არ უნდა იყოს მინიმალური და მეპატრონის ჯიბეში არ უნდა წავიდეს გამოყოფილი თანხა. ამგვარი მიდგომა ვერ განავითარებს ჯანდაცვას. ამ მოთხოვნებს უნდა უპასუხოს სახელმწიფომ და ამისთვისაა საჭირო ინფრასტრუქტურა. საჭიროა შესაბამისი მენეჯმენტი, კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც  სახელმწიფო თანხების განკარგვაზეა საუბარი.“

მანანა კობახიძის აზრით, მსგავსი პროექტის განხორციელება ხელს შეუშლის საბიუჯეტო სახსრების უცხოეთში გადინებას და ისევ ჯანდაცვის სფეროს განვითარებას მოხმარდება:

ჩვენი მიზანია, რადგან ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები იხარჯება ჯანდაცვისთვის, ეს თანხა აქვე დაიხარჯოს და აქ განვითარდეს მედიცინა. ექიმიც იყოს კვალიფიციური, ნაკლებად მოგვიწიოს თანხების გადარიცხვა უცხოეთში. ხშირია ასეთი შემთხვევა, როდესაც აქ ვერ ხერხდება ოპერაციის ჩატარება, მკურნალობა და გვიწევს გადახდა თურქულ კლინიკებში, ისრაელში, ევროპაში.

თუკი აქ გავაკეთებთ მსგავს კლინიკას, აქ მივაწვდით ხარისხიან სერვისს, გვეყოლება კვალიფიციური ექიმები და მათ სპეციალიზაციაზე დაიხარჯება თანხები, ეს განავითარებს ჯანდაცვას. ეს თანხა ისევ ჩვენს ეკონომიკაში დარჩება და ჩაიდება ამ სამედიცინო სფეროს განვითარება.