PPP პროექტების დაფინანსების ერთ-ერთი საუკეთესო გზა ფასიანი ქაღალდების მექანიზმის ამუშავებაა
PPP მოდელი საჯარო და კერძო სექტორში არსებული უნარების, რესურსების და გამოცდილებების აკუმულირებას ახდენს და უზრუნველყოფს მხარეებს შორის რისკების და პასუხისმგებლობების გადანაწილებას, რაც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელების მთავარი წინაპირობაა. საჯარო სექტორში ფინანსურ დეფიციტს კერძო სექტორი საკუთარი კაპიტალით ავსებს და ამასთან პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ფინანსურ რისკებს ამცირებს.
PPP მოდელი პროექტების დაფინანსების სხვადასხვა წყაროებს ითვალისწინებს, ეს შესაძელბელია იყოს: სააქციო კაპიტალი, ფასიანი ქაღალდები, საბანკო პროდუქტები და სხვა. ხშირ შემთხვევაში, მხარეები პროექტის დაფინანსების ჭრილში ურთიერთობებს მოლაპარაკების გზით არეგულირებენ.
2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ სახელმწიფოებისათვის უფრო რთული გახდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. პირველ რიგში ეს გამოწვეული იყო შეზღუდვით, რომელიც საბანკო სექტორმა გრძელვადიანი პროექტების დაფინანსებაზე დააწესა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა, აუცილებელი გახდა პროექტების დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიება. ამ პერიოდში მსოფლიო ეკონომიკაში გაიზარდა ობლიგაციების როლი. 2008 წელთან შედარებით 2012 წელს საბანკო სესხების ოდენობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა საპირისპირო მდგომარეობა შეიქმნა ობლიგაციების თვალსაზრისით.
მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია PPP პროექტების დასაფინანსებლად ობლიგაციების ერთ სპეციფიკურ მიმართულებაზე ორიენტირება (ე.წ. Monoline Model), როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყაროს გამოყენება. სპეციალური სააგენტოები ახორციელებენ PPP პროეტების რისკების შესწავლას, რის შემდეგაც აქვეყნებენ ობლიგაციების საკრედიტო რეიტინგს, რაც მყარი საკრედიტო რეიტინგის შემთხვევაში ინვესტიციების მოზიდვის საუკეთესო გზაა. აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს ემიტენტების (ორგანო, რომელიც მიმოქცევაში უშვებს ფასიან ქაღალდებს) მიერ ობლიგაციების ფასიანი ქაღალდების სავაჭრო ბაზარზე განთავსებას და პირდაპირ ინვესტორებზე გაყიდვას.
PPP პროექტების დაფინანსებისათვის ობლიგაციების გამოყენებას ინვესტორებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი მოყვება, კერძოდ:
საინტერესო მაგალითია 2014 წელს კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, კერძოდ ვანკუვერის კუნძულზე, პროვინციის ჯანდაცვის სამინისტროსა და „Tandem Health Partners“_ის პარტნიორობით, ორი ძირითადი საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროექტის ინიცირება. პროექტი PPP მოდელით ხორციელდება, დაფინანსება კი ობლიგაციების (Green Bonds) გამოყენებით განხორციელდა. პროექტის ხანგრძლივობა 33 წელს შეადგენს, მთლიანი ღირებულება კი 606.2 მლნ დოლარს. სააგენტოების მიერ პროექტის საკრედიტო რეიტინგი უმაღლესი მაჩვენებლით შეფასდა (“AAA”), რამაც უამრავი ინვესტორის მოზიდვა განაპირობა. საავადმყოფოების კომპლექსი მოიცავს 4000 ჰექტარს. რეაბილიტირებული საავადმყოფოების საწოლების რაოდენობა ჯამში იქნება 248. საბოლოო ჯამში რეაბილიტირებული პროექტის მოგება სავარაუდოდ 131 მლნ. დოლარი იქნება. ხელშეკრულების თანახმად საავადმყოფოების მშენებლობა 2017 წელს დასრულდება და სახელმწიფოს გადაეცემა ინფრასტრუქტურულად და ტექნოლოგიურად განახლებული ჯანდაცვის სერვისები.
საერთაშორისო გამოცდილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ PPP პროექტების განხორციელებისა და საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ფასიანი ქაღალდების მექანიზმის ამუშავებაა.
სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ამ ეტაპზე ფასიანი ქაღალდების ბაზარი პრაქტიკულად არ არსებობს, ამ მექანიზმის განვითარება კი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ორგანიზებული ფინანსური ბაზარი უზრუნველყოფს ფინანსური სახსრების კერძო სექტორში გადამისამართებას, სადაც მათი ეფექტურად გამოყენების უნარი გააჩნიათ. ეს პროცესები კი პირდაპირ დაკავშირებულია ინვესტიციების მოზიდვასთან და ინვესტორებისათვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შექმნასთან.
ელენე ნიჟარაძე
PPP კომუნიკაციის სპეციალისტი