გურამ მისაბიშვილი: PPP მოდელით მოგებული რჩება საზოგადოება

bbMV8BoyPD-660x330
მთავრობა თბილისის სამი საავადმყოფოს განვითარებას საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელით გეგმავს.

ე.წ. PPP მოდელი ნიშნავს, რომ სახელმწიფო და კერძო კომპანია ერთად განახორციელებენ განახლებული საავადმყოფოების მართვას. საკითხი შეეხება თბილისის სამ საავადმყოფოს: ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოები.

ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მისაბიშვილი მიიჩნევს, რომ კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი საინტერესოა, რადგან ინტერესი ორმხრივი იქნება:

„ეს პროექტი საინტერესოა უფრო იმიტომ, რომ მასში ჩართული იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორი. ასეთ დროს დაინტერესება ორმხრივია და როდესაც წარმატებაზე ორივე მათგანი ფიქრობს, მოგებული რჩება საზოგადოება. ეს თავისთავად ცხადია”.

გურამ მისაბიშვილი ამბობს, რომ სამი საავადმყოფოს განვითარების მოდელი დაეხმარება მოსახლეობას, მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება:

„ეს პროექტი უდაოდ დაეხმარება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ამ საავადმყოფოებში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღონ. სამივე მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრია. თუ ისინი უფრო თანამედროვედ აღჭურვილი ობიექტები გახდება და იქ უკეთესი პირობები შეიქმნება, რასაკვირველია, ძალიან დადებითი მოვლენა იქნება მთლიანად საზოგადოებისათვის.

ტენდერის პირობებს დეტალურად არ ვიცნობ, თუმცა ის ფაქტი, რომ ტენდერი გამოცხადდა და ამ ობიექტებისათვის ახალი ერა იწყება, ნიშნავს, რომ ვითარება უკეთესობისკენ იცვლება. ამგვარი ცვლილებები მოსახლეობისათვის ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან ჯანდაცვა ისეთი თემაა, რომელზეც მუდამ წუხან ჩვენი მოქალაქეები. მათ სურთ, მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება“.

ტენდერის ბოლო ეტაპზე გასულია კომპანია „ალფამედიკი“საპარტნიორო ფონდს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია, მოლაპარაკებები გრძელდება.